22/06/2022
17:47
საზოგადოება
შეიძლება თუ არა, რომ ისტორია და გეოგრაფია ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს? მაგალითად, შეიძლება თუ არა, წარმოვიდგინოთ ქვეყანა, რომლის ისტორია ეწინააღმდგება მის გეოგრაფიას?
შესანიშნავი ფრანგი მწერალი მიშელ ტურნიე (1924 – 2016) ამბობდა, რომ ღმერთმა შექმნა გეოგრაფია, ხოლო ეშმაკმა - ისტორია.
როდესაც საქართველოს უცქერ (რუკაზე მაინც), ისეთი აზრი გიჩნდება, რომ ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა - საქართველოს ისტორია ღმერთმა შექმნა, ხოლო გეოგრაფია - ეშმაკმა.
თითქმის 200 წლის წინ ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა, - „ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას“-ო. გავიდა 2 საუკუნე და ნაპოლეონის შორეულმა მემკვიდრემ - ფრანგმა ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ - ემანუელ მაკრონმა, ასევე, გარდმოავლო თვალი - იღონდ ამჯერად მსოფლიო რუკას და იცით რა დაინახა? - მან დაინახა, რომ საქართველო უფრო შორს არის გეოგრაფიულად ევროპისაგან, ვიდრე - მოლდოვა და უკრაინა, ხოლო მეზობლებად სომხეთი და აზერბაიჯანი ჰყავს.
ამ რევოლუციური აღმოჩენის შემდეგ იბადება ასეთი კითხვა - თუ ევროპა გეოგრაფიული ცნებაა და მას (ევროპას), როგორც გეოგრაფიულ ფენომენს, გარკვეული ტოპოლოგია (ე.ი. ფართობი და პერიმეტრი - გლეხურად რომ ვთქათ) აქვს, მაშინ საქართველო არა ნაკლებ ახლოა საბერძნეთთან (გეოგრაფიულად), ვიდრე - უკრაინა. თუკი ევროპას აქვს გეოგრაფიული ცენტრი და ეს ცენტრი საფრანგეთია, მაშინ პარიზიდან, ცხადია უკრაინა უფრო ახლოა, ვიდრე - საქართველო. მაგრამ, ვთქვათ, კვირპოსთან (კვიპროსი, ასევე, ევროპაა, ცხადია - გეოგრაფიულად) - საქართველო უფრო ახლოა, ვიდრე - უკრაინა...
მოკლედ, მაკრონის ეს აღმოჩენა ძალიან ბევრ გეოგრაფიულ (და არა მხოლოდ!) შეკითხვას აღძრავს და ხშირად ამ შეკითხვებზე პასუხები საკმაოდ ბუნდოვანია...
მაგრამ, მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ პირველ შეკითხვას და - მიშელ ტურნიეს პარადოქსს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ.
საქართველოს მთელი ისტორია ქრისტიანობის ისტორიაა (ასევე - ევროპისაც), საქართველოში გვქონდა რაინდობა და სარაინდო ეპოსი (როგორც - ევროპაში), საქრთველოში გვქონდა კლასიკური ფეოდალიზმი, ისევე როგორც - იმავე ევროპაში, მაგრამ გეოგრაფიულად საქართველო ძალიან ახლოს იყო და არის ისლამთან.
მკითხველს შევახსენებ, რომ მე-15 საუკუნის ჩათვლით, ასევე ძალიან ახლოს იყო ისლამთან ესპანეთი და არა მარტო - გეოგრაფიულად - გარკვული აზრით, ესპანეთის 2/3 ისლამში აღმოჩნდა... უფრო მეტიც - საფრანგეთი საუკუნეების მანძილზე გეოგრაფიულად ესპანეთის გვერდით იყო (ახლაც იქაა - თქვენ წარმოდგინეთ!) და არა მარტო გეოგრაფიულად იყო ახლოს, არამედ კინაღამ ისლამის ნაწილიც კი გახდა, რომ არა - 732 წელს შარლ მარტელის გამარჯვება არაბებზე პუატიესთან.
თუმცა, ამას წინათ მაკრონის ერთმა თანამემამულემ იხუმრა, - ახლანდელ საფრანგეთს რომ გადახედავ, გეგონება, რომ შარლ მარტელმა პუატიესთან ბრძოლა წააგოო. ბევრი თბილისელი კი, თავის მხრივ, ასევე, ხუმრობდა, - „პლეხანოვზე“ თუ გაივლი, გეგონება, რომ დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომი წააგოო.
ასე რომ, ჩვენ - ქართელები - დღეს გაცილებით ახლოს ვართ საფრანგეთთან (რომელიც გეოგრაფიულად ევროპაა), ვიდრე ეს მაკრონს წარმოუდგენია....
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022