20/07/2023
17:14
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის
დამტკიცებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესების გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 29 აგვისტო, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2023 წლის 17 აგვისტო. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბერი, ხოლო სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2023 წლის 17 აგვისტო.
ახალი მარეგულირებელი აქტებით დარეგულირდება პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან წყლით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. აღნიშნული ემსახურება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის სწორი მოლოდინის შექმნასა და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას, ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის საჭირო აუცილებელ პირობას შექმნის. საირიგაციო წყლის მიწოდების წესებთან დაკავშირებით სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც განიხილეს საირიგაციო
წყლის მიწოდების წესების ძირითადი მიმართულებები. სემეკის ორგანიზებით დაგეგმილია პერმანენტული სამუშაო შეხვედრები საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.
0
0