30/01/2025
22:31
პოლიტიკა
დასავლეთს ყელში ამოუვიდა საქართველოსთან ენის მოჩლექით საუბარი. არაერთხელ მისცეს ფორა და, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არა ერთხელ სცადეს ივანიშვილის რეჟიმთან კონსტრუქციული დიალოგი ეწარმოებინათ, დღეს მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც ამ დიალოგის რესურსი აღარ არსებობს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
კალანდაძის თქმით, არჩევნების გაყალბებით, “რუსული კანონის” ინიცირებით, ადამიანებზე თავდასხმით ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში დიდი საფრთხე შექმნა.
“საფრთხე, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა, გამოწვეულია არა იმით, რომ სადღაც უფლებამოსილებას უჩერებენ ჩვენს დელეგაციას ან სადღაც ხმის უფლებას გვართმევენ, არამედ იმ წინაპირობებით, რომლითაც აქამდე მივედით - ივანიშვილის ქმედებებით, მათ შორის, არჩევნების გაყალბებით, მათ შორის, “რუსული კანონის” ინიციირებით, ადამიანებზე თავდასხმით, ჟურნალისტებზე დევნით, დაუსჯელობის დანერგვით, სამართალდამცველების კრიმინალებად ქცევით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით - ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დასავლეთს ყელში ამოუვიდა საქართველოსთან ენის მოჩლექით საუბარი. არა ერთხელ ფორა მისცეს და, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არა ერთხელ სცადეს ივანიშვილის რეჟიმთან კონსტრუქციული დიალოგი ეწარმოებინათ, დღეს მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც ამ დიალოგის რესურსი აღარ არსებობს.”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ყოფილი დიპლომატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უკან დახევას არ აპირებს და მეტიც - მისი თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ცდილობს, საქართველოში, რაც შეიძლება, მყარად გაიდგას ფესვები.
"აშკარაა, ივანიშვილი უკან დახევას არ აპირებს, პირიქით - ეს აქ იძლიერებს ფესვებს, დაჩქარებული წესით აფორმებს თავის კაპიტალს ოფშორული ზონებიდან - ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება, მყარად გაიდგას საქართველოში ფესვები და ეს გზავნილია, რომ წასვლას არ აპირებს”, - აღნიშნა კალანდაძემ.
0
0