11/04/2022
13:47
მსოფლიო
საფრანგეთის უმსხვილესმა საბანკო კომპანია „სოსიეტე ჟენერალმა“ რომელიც რუსეთის ფინანსურ ბაზარზე 1993 წლიდან არის წარმოდგენილი, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის საფინანსო სექტორის დატოვება გადაწყვიტა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზრიდან გასვლა უახლოეს კვირებში განხორციელდება, ხოლო საკუთარ აქტივებს რუსულ „როსბანკს“ მიჰყიდიან.
ამასთან, მედიის ცნობით, დღესვე შვედურ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ერიქსონში“ განაცხადეს, რომ წყვეტენ რუსეთში მუშაობას განუსაზღვრელი დროით. მიზეზი ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციებია.
„ერიქსონმა“ რუსეთში ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდება თებერვლის ბოლოს შეწყვიტა, ახლა კი კომპანია უარს ამბობს, გაუწიოს მომსახურება უკვე მიწოდებულ აღჭურვილობაზე.
„ბიბისი“ წერს, რომ რუსეთის მობილური ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები კომპანიის საკომუნიკაციო მომსახურებით და აღჭურვილობით სარგებლობენ. კომპანიაში განაცხადეს, რომ რუსი თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში იქნებიან გაგზავნილი.
0
0