11/04/2022
15:11
მსოფლიო
„ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა "უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა" - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთი და შვედეთი ნატოში შესვლას უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავენ", - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
სტატიის თანახმად, ვაშინგტონი დგამს ნაბიჯს, რომლითაც რუსეთს აიძულებს, თავისი სამხედრო ძალები ფინეთისა და შვედეთის (სკანდინავიის) მიმართულებითაც განალაგოს და დასავლური ალიანსის წევრების რაოდენობას 30-დან 32-მდე გაზრდის; ეს კი უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის შეჭრის პირდაპირი შედეგი იქნება.
„თუკი ეს გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრთა შორის ყველაზე გრძელი საზღვარი ექნება რუსეთთან. ამავე დროს ფინეთსაც და შვედეთსაც მოეპოვებათ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალრიცხოვანი კუნძულები ბალტიის ზღვაში“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნატოში ორივე სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანება, გასულ კვირაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელსაც შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „როგორ შეიძლება, ეს პუტინისთვის იყოს, სხვა თუ არაფერი, უდიდესი სტრატეგიული შეცდომა?“ - თქვა სესიაზე ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა თქვა, რომ დროა, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს ნატოს მიმართ თავის პოზიციას. ”რუსეთი არ არის ისეთი მეზობელი, როგორიც გვეგონა,” - თქვა მან შეხვედრაზე და ”გონივრულად, მაგრამ სწრაფად” გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით გამოვიდა.
შვედეთი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხს განიხილავს. დისკუსიები მომავალი თვის ბოლოს, ფინეთის განრიგის ასახვით, დასრულდება.
„მე არ გამოვრიცხავ ნატოს წევრობას, არც ერთ ვარიანტში”, - თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა, ორი კვირის წინ.
სავარაუდოდ, ნატოში ფინეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადი ივნისში დამტკიცდება, მას კი შვედეთი (ივლისის შუა რიცხვებისთვის) მოჰყვება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა სამხედრო კოალიციის "არსებითი ტრანსფორმაცია" გამოიწვია, რაც უკრაინაში ომის გრძელვადიან შედეგებს წარმოაჩენს.
ამჟამად, ნატოს უშუალო მეთაურობით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე (ბალტიიდან შავ ზღვამდე) 40 000 ჯარისკაცი არის მობილიზებული. ეს ნიშნავს, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ალიანსის მიერ მობილიზებული სამხედრო ძალები თითქმის ათჯერ გაიზარდა. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს სამხედრო ძალები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებმა მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობის მოგერიება შეძლონ.
ევროპელი დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ ორივე ქვეყანა ნატოსთან თავსებადობას საგრძნობლად გაზრდის.
რუსი ანალიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებით, ფინეთი, ნატოში მოსალოდნელი გაწევრიანებით, მოსკოვთან თავის კავშირებს რისკის ქვეშ აყენებს (წერს სამანტა ბერქჰედი). ნატოს შემდგომ გაფართოებას რუსეთი თავისი საზღვრებისკენ გავლებულ „წითელ ხაზად“ აღიქვამს.
”ეს „მოწამლავს“ ორმხრივ ურთიერთობებს. თუმცა, ნატოში ფინეთის გაწევრიანებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვის მხრიდან აგრესიის გაღვივება გამოიწვიოს. ეს რომ ერთი წლის წინ მომხდარიყო, რეაქცია ნამდვილად უკიდურესი და ემოციური იქნებოდა, მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ასეთი საფრთხე არ არსებობს“, - თქვა ანალიტიკური ფირმა R.Politik-ის დამფუძნებელმა, ტატიანა სტანოვაიამ.
მან დასძინა, რომ ფინეთი, უკრაინისგან განსხვავებით, არ არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომელიც, რუსეთის აზრით, მტკიცედ მოექცა მოსკოვის გავლენის ქვეშ. „გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნაკლებად მტკივნეულია,” - თქვა სტანოვაიამ.
0
0