10/01/2024
12:39
ეკონომიკა
2023 წლის შედეგებით ჩინეთი ავტომობილების ექსპორტში იაპონიას უსწრებს, რაც მას საზღვარგარეთ მანქანების უმსხვილეს მიმწოდებლად ხდის. ინფორმაციას Reuters ჩინეთის მსუბუქ ავტომობილთა ასოციაციის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წლის განმავლობაში ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 62%-ით, 3,83 მლნ. ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო იაპონიის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ქვეყანამ 3,5 მლნ ახალი მსუბუქი ავტომობილი გაიტანა ექსპორტზე.
მთლიანობაში, ჩინეთმა გასული წლის განმავლობაში საზღვარგარეთ 5,26 მილიონზე მეტი მანქანა გაყიდა, რომლის საერთო ოდენობა, დაახლოებით, 102 მლრდ დოლარია, ხოლო იაპონური მანქანების მთლიანი ექსპორტის მოცულობა, დაახლოებით, 4,3 მილიონ ერთეულზე არის პროგნოზირებული.
თავის მხრივ, ჩინეთის შიდა ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 2023 წლის შედეგებით 5,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2023 წლის დასაწყისიდან ჩინურმა ავტომწარმოებლებმა მთლიანობაში 21,9 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდეს. აქედან ყველაზე დიდი, 65%-იაინი წილი კვლავ შიდა წვის ძრავის მანქანებს უკავიათ. თუმცა მათი წილი უკვე მესამე წელია, მცირდება. მაგალითად, 2022 წელს ის 73%-ს შეადგენდა. ამასთან, 2023 წელს ჩინური ელექტრომობილების გაყიდვები 2022 წლის 74.2%-იანი ზრდის შემდეგ 20.8%-ით გაიზარდა, ხოლო თუ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები ერთი წლის წინათ 160.5%-ით გაიზარდა, 2023 წელს ზრდამ 82.5% შადგინა.
იაპონურ გაზეთ Nikkei-ის ვერსიით, მსოფლიოში მსუბუქი ავტომობილების უმსხვილეს ექსპორტიორად ჩინეთი რუსეთსა და მექსიკაში პოზიციების გაფართოების, ასევე, ელექტრომობილების გლობალური ინდუსტრიის ზრდის გამო ხდება. მაგალითად, რუსეთში იანვრიდან ოქტომბრამდე ჩინეთმა 730 000 ავტომობილი გაიტანა ექსპორტზე, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ მეტია.
0
0