17/07/2023
16:12
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს.
კომპანია ურყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისის” წილებს რუს მოქალაქეზე ან იურიდიულ პირზე ჰყიდის. მათივე თქმით, თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისში” არცერთი პროცენტი წილის მფლობელი არ არის და, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გაყიდის“.
„მოგმართავთ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგსა და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მედიასაშუალებებს, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეთ და ათასგვარი ჭორის გავრცელებით ხართ დაკავებული. თქვენი ბოლო მონაჩმახი, რომ თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისის” წილებს რუს მოქალაქეზე თუ იურიდიულ პირზე ჰყიდის, სინამდვილეს არ შეეფერება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისში” არცერთი პროცენტი წილის მფლობელი არ არის და, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გაყიდის.
შეგვიძლია ისიც გითხრათ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის” არცერთი მოწილე არცერთი პროცენტის გაყიდვას არ აპირებს. უფლებამოსილი ვართ განვაცხადოთ იმის შესახებაც, რომ ბატონი თამაზ გაიაშვილი, სადმე რამე წილის მფლობელი თუ არის, უცხოეთში არაფრის გაყიდვას არ აპირებს არც კერძო და არც იურიდიულ პირებზე.
თქვენ ხელი მიგიწვდებათ ეროვნულ კპმპანიებთან დაკავშირებულ ყველა საჯარო ინფორმაციასთან. გირჩევთ, რომ გადაამოწმოთ, დააზუსტოთ საკითხები და განცხადებები მხოლოდ ამის შემდეგ აკეთოთ. „ჩვენ გავიგეთ”, „ვრცელდება ინფორმაცია”, „ჩიტმა ამბავი მოგვიტანა”, ჟურნალისტიკაში იმდენად მოძველებული მეთოდია, რომ მისი აღარავის სჯერა.
მოგიწოდებთ, რომ ამგვარ საკითხებში მეტი თავშეკავება და სერიოზულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა ზერელე განცხადებებმა ეროვნული კომპანიის იმიჯთან ერთად შესაძლებელია, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც დააზიანოს. გასაგებია, რომ თქვენ სწორედ ამას ცდილობთ, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამდენი ჭორაობა, პასკვილების თხზვა და სიცრუის გავრცელება სხვებზე მეტად თქვენს იმიჯს აზიანებს. საკუთარი თავი მაინც დაზოგეთ. თემები „რუსეთი”, „ჯორჯიან ეარვეისი”, „სანქციები” და ა.შ. მოსაწყენი გახდა. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი ამგვარი ქმედებით, ჯერჯერობით, საკუთარი ავტორიტეტის გარდა ვერაფერი შელახეთ“, - ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0