
„ეს არ არის კომპანიის ბურთი... უნდოდა რეკორდი დაემყარებინა და ჩაწერილიყო ისტორიაში" - რას აცხადებენ ასურეთთან მომხდარ ტრაგედიაზე „სქაი თრეველ გრუფში"
ასურეთთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია „სქაი თრეველ გრუფში" აცხადებენ, რომ საჰაერო ბურთი შეკვეთით იყო დამზადებული და პირადად ფრენის ორგანიზატორს, რევაზ უთურგაურს ეკუთვნოდა.
საჰაერო ბურთით დაგეგმილი ფრენა იყო მოსამზადებელი გაფრენა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად. როგორც კომპანია „სქაი თრეველ გრუფში" აღნიშნავენ, რევაზ უთურგაური საჰაერო ბურთებით 2005 წლიდან დაფრინავდა და ამ საქმეში კვალიფიციური იყო.
„ეს იყო რეკორდული ფრენა. მისი პირადი ბურთია, ეს არ არის კომპანიის ბურთი, სპეციალურად დაამზადებინა. უნდოდა შავ ზღვაზე, საქართველოზე გადმოეფრინა, რეკორდი დაემყარებინა და ჩაწერილიყო ისტორიაში. პოლონელი პილოტია, ვინც თავისი ნებით ჩამოვიდა, სპეციალურად ამ მიზნით, მეგობრობდნენ.
საჰაერო ბურთებით 2005 წლიდან დაფრინავს ბატონი რევაზი, თვითონ პოლონელი პილოტიც არის მსოფლიო ჩემპიონი და ასეთი რამეები არ ხდება ხოლმე, არ ვიცით რა მოხდა. გამოძიებისგან ამ დეტალებს ველოდებით, რანაირად აღმოჩნდნენ მაღალი ძაბვის გადამცემთან. ექნებოდა ნებართვა, რადგან ავიაციაში გადაგზავნილი იყო ყველაფერი," - აცხადებს „სქაი თრეველ გრუფის" ერთ-ერთი თანამშრომელი.შეგახსენებთ, რომ ასურეთთან საჰაერო ბურთის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
საჰაერო ბურთი დღეს გამთენიისას, ფოთიდან დაიძრა და კახეთში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამინდის გაუარესების გამო, მათ მოუწიათ ასურეთში დაესვათ საფრენი მოწყობილობა, რა დროსაც ისინი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ტელეკომპანია „იმედის" ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი, კომპანია "სქაი თრეველ გრუფის" დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური და პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი კშიშტოფ ზააპარტი
0
0
საბა ბუაძე: "ლელო" ფორმალურადაც დავტოვე
10/09/2025