
„ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აყვანილ რუსებზე გაცვალოს.
მისივე თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილებას რუსეთი იღებს, ამიტომ მოლაპარაკების ერთ-ერთი გზა „ტყვეების გაცვლაა“.
„ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. მისი გადაყვანის თუ არგადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არა კობახიძე, არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ რუსეთის ხელისუფლება, ვლადიმერ პუტინი.
ყველანაირი იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ფუჭია. სალომე ზურაბიშვილი დღეს იმავე მორალურ პოზიციაზეა, რაზედაც 1992 წლის 7 იანვარს იყო, როცა მან თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს და თენგიზ სიგუას მადლობა გადაუხადა კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის.
სწორედ ამიტომ, მე მინდა მივმართო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას: სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე. ის უბრალოდ ფიზიკურად იმყოფება საქართველოში და ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ უნდა გამოიხსნას ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით. სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე“, - განაცხადა მამულაშვილმა.
0
0