
წიაღისეული საწვავის ექსპორტი რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებისა და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის გამოვლენის მთავარი ხელშემწყობია. Russian Energy Export Tracker-ი ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი საერთაშორისო ცენტრის (CREA) მიერ შემუშავებული პროექტია, რომლის მიზანია რუსეთიდან საწვავის ექსპორტთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროება - ვინ ყიდულობს რუსეთის ნავთობს, გაზსა და ქვანახშირს და როგორ შეიცვალა იმპორტის მოცულობა და ღირებულება უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ. საერთაშორისო ცენტრი აქტიურად აკვირდებოდა გემების მოძრაობას და მილსადენში გამავალი ტვირთის ნაკადებს.
13 ივნისს, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მილსადენებისა და საზღვაო ვაჭრობის შესახებ დეტალური ანგარიში „პუტინის ომის დაფინანსება“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის (ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის) 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს. შედეგად კი, რუსეთმა 57 მილიარდ ევრომდე შემოსავალი მიიღო.
„ჩვენი მიზანია, ვაცნობოთ პოლიტიკოსებს, მედიას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს რუსული წიაღისეული საწვავის მყიდველებისა და იმ დიდი რაოდენობის შემოსავლის შესახებ, რომელიც რუსეთმა (უკრაინაში შეჭრის შემდეგ - 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით) ექსპორტის განხორციელების შედეგად მიიღო. ამ საკითხის დეტალიზებით, ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ იმ მოქმედებებისკენ, რომლებიც მაქსიმალურად სწრაფად დაბლოკავს რუსეთის ომის კამპანიისთვის საჭირო ფინანსურ ნაკადებს".
CREA-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან 93 მილიარდი ევროს ღირებულების წიაღისეული საწვავის ექსპორტი განხორციელდა. რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% (დაახლოებით 57 მილიარდი ევროს ღირებულების) ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინა. უმსხვილესი იმპორტიორები არიან: გერმანია (12.1 მილიარდი ევრო), ჩინეთი (12.6 მილიარდი ევრო), ნიდერლანდები (7.8 მილიარდი ევრო), იტალია (7.8 მილიარდი ევრო), პოლონეთი (4.4 მილიარდი ევრო), თურქეთი (6.7 მილიარდი ევრო), საფრანგეთი (4.3 მილიარდი ევრო), ასევე ინდოეთი(3.4 მილიარდი ევრო).
ცნობისთვის, აპრილის პირველ სამ კვირაში, უკრაინაში შეჭრამდელ პერიოდთან - იანვარ-თებერვალთან - შედარებით, რუსეთიდან უცხოურ პორტებში ნავთობის მიწოდება 20%-ით შემცირდა. რუსეთიდან ქვანახშირის ექსპორტი 20%-ით, ხოლო თხევადი გაზის - 50%-ით გაიზარდა. ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირდა მარტის შუა რიცხვების შემდეგ.
ევროკავშირისთვის ნავთობის მიწოდება 20%-ით შემცირდა, ქვანახშირის - 40%-ით, ხოლო თხევადი გაზის - 20%-ით გაიზარდა. ევროკავშირის მიერ მილსადენით შესყიდული გაზის მოცულობა 10%-ით გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდება არაევროკავშირის მიმართულებებით 20%-ით გაიზარდა მნიშვნელოვანი ცვლილებებით. რუსული ქვანახშირისა და თხევადი გაზის ექსპორტი ევროკავშირის გარეთ, შესაბამისად, 30%-80%-ით გაიზარდა.
0
0