
"მიმდინარეობს ნამდვილი რბოლა იმის გადასაწყვეტად, თუ რა უნდა გაკეთდეს „ლუკოილის“ უცხოური აქტივების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უარყო „Gunvor“-ის შეთავაზება მათი სრული შესყიდვის შესახებ“, - აღნიშნავს რიჩარდ ბრონზი, საკონსულტაციო ფირმა „Energy Aspects Ltd.“-ის გეოპოლიტიკის ხელმძღვანელი, გამოცემის ექსპერტი.
მან დასძინა, რომ რუსული ნავთობგიგანტის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა შესაძლოა უახლოეს მომავალში რიგით მომხმარებლებზეც იმოქმედოს.
„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ნავთობის ბაზარს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული „ბალიში“ პოტენციური მიწოდების შეფერხებების ასატანად, ნავთობგადამამუშავებელ სექტორში სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია“, - ხაზგასმით აღნიშნა ბრონზიმ.
„Bloomberg“-ი აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც „ლუკოილი“ მოქმედებს, ყველაფერს აკეთებენ აშშ-სგან სანქციების შემსუბუქების უზრუნველსაყოფად და საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
ამჟამად რამდენიმე ქვეყანა აშშ-სგან დროებით ლიცენზიას ითხოვს, რაც „ლუკოილის“ აქტივებს 21 ნოემბრის შემდეგ ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
ტრამპის ადმინისტრაციამ ადრე მსგავსი შეღავათები გასცა სანქციების ქვეშ მყოფი სხვა რუსული კომპანიებისთვის.
თუმცა, თუ გახანგრძლივება არ გაიცემა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია გლობალურ ნავთობისა და საწვავის ბაზრებზე.
ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემდეგ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეენარჩუნებინათ ბურგასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დიდი ხანია იყიდება, მაგრამ მყიდველები ჯერ არ გამოჩენილან.
მეზობელი რუმინეთი განიხილავს ვადის გახანგრძლივების მოთხოვნის შესაძლებლობას, მაგრამ ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებია.
ამასობაში, მოლდოვას მთავრობა გეგმავს ლუკოილისგან საწვავის ტერმინალის შეძენას კიშინიოვის აეროპორტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დორინ იუნგეტუმ. მან ასევე დაადასტურა, რომ ქვეყანამ მოითხოვა აშშ-ის სანქციებისგან გათავისუფლება 21 ნოემბრის შემდეგ.
1
0