რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკული არხის Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებზე.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას. პუტინმა ამის შესახებ გვარების დასახელების გარეშე დაადასტურა.
„ერთ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებთან მოკავშირე ქვეყანაში ზის ადამიანი, რომელმაც პატრიოტული მიზეზების გამო გაანადგურა ბანდიტი ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. კავკასიაში განვითარებული მოვლენების დროს, იცით, რა გააკეთა მან [ბანდიტმა]? არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი: მან გზაზე დააგდო ჩვენი დატყვევებული ჯარისკაცები, შემდეგ კი თავისი მანქანა მათ თავზე გადაატარა. როგორი ადამიანია ეს და არის თუ არა ადამიანი? მაგრამ იყო პატრიოტი, რომელმაც ის გაანადგურა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. მან ეს საკუთარი ინიციატივით გააკეთა თუ არა, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დაუშვა რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება, თუ ეს საკითხი გადაწყდება „სპეციალური სამსახურების არხებით“. პუტინი ამბობს, რომ ჟურნალისტმა „მიიღო დახურული, საიდუმლო ინფორმაცია და ეს ფარულად გააკეთა“.
0
0