
ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დღეს გახდება ცნობილი. ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდება. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა მეორე ტური, ვინაიდან გამარჯვებულს 50%-იანი მხარდაჭერა დასჭირდება.
არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ არჩევნებში 30-35 ქვეყანაში მცხოვრებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
"ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს. არჩევნების გეოგრაფია ვრცელია. პირველ ადგილზე საქართველოა, სადაც არჩევნებში მონაწილეთა 88.36% საქართველოში იმყოფება, მეორე ადგილზეა იტალია 2.58%-ით, საბერძნეთი 1.69%, გერმანია 1.27% და ასე შემდეგ. 30-35 ქვეყნის ჩამონათვალია. ეს მეტყველებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქტიურობა ძალიან მაღალი იყო. ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია. ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
მოგეხსენებათ, იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი, ამომრჩეველს არ მიდიოდა ვერიფიკაციის კოდი. ეს პრობლემა გამოსწორებულია, საღამოდან დაიწყო გაგზავნა იმ ადამიანებთან, ვისაც არ მიუვიდა. შეამჩნევდით, რომ საღამოსკენ აქტიურობა ცოტა მეტი იყო, ვიდრე დღისით. ველოდებით, რომ 40 ათას ამომრჩეველს გადაცდება დღეს, დილით კი კიდევ უფრო მეტს ველოდებით",- აღნიშნა გუშინ კობა ნაყოფიამ, რომელიც არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერია.
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს 4 კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
0
0