
სასამართლოში მშობლების მკვლელობის რეზონანსული საქმის გამოკვლევა დასრულდა. უკვე ყოფილი სამართალდამცველი მოსამართლეს 20 წუთის განმავლობაში არწმუნებდა, რომ ის უდანაშაულოა, მშობლები არ მოუკლავს და საქმე გაყალბებულია.
გიორგი ბეროზაშვილის ამ პოზიციას აბსურდულს უწოდებს სახელმწიფო ბრალდება. დასკვნითი სიტყვის საპასუხოდ პროკურორმა აღნიშნა, რომ უვადო პატიმრობის შიშით დაკავებულმა პოზიცია შეცვალა.
კერძოდ, გიორგი ბეროზაშვილმა დღეს განაცხადა:
"ექსპერტიზის დასკვნას მინდა შევეხო, ბენზინის კვალი იყო მთელ სახლში აღმოჩენილი, თუმცა ბენზინის კვალი არც ჩემ ტანსაცმელზე და არც სხეულზე არ არის აღმოჩენილი. 2 იარაღზე მედავებიან, დენთის კვალი არ არის არც ჩემ ხელზე და არც ჩემ სახეზე.
მანქანაში აღმოჩენილ ოქროულობაზე მინდა ვთქვა, რატომ არ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა? აღმოჩნდა სადმე ჩემი კვალი? ტანსაცმელი მოაქვს პროკურატურას აქ და კედები სულ სხვა ფერისაა, კადრებში ჩანს სხვა ფერი, ჯადოქრობა მოხდა რამე? თუ ექსპერტებს გადავუხადე ფული და ჩაანაცვლეს? მე განვაცხადე, რომ მამაჩემს სახლში გაფორმებულთან ერთად რამდენიმე გაუფორმებელი იარაღი ჰქონდა. პროკურორს მინდა ვკითხო, იცით რისი ვაზნებია ეს? მედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე, ლოგინში სისხლი არაა აღმოჩენილი და მე თუ გადმოვასვენე, დედაჩემზე ჩემი კვალი არაა. რით ახსნით ამას? თითქოს, მე ფინანსური პრობლემები მქონდა თამაშის გამო, მერე თქვეს, სესხის გამოო. წლის განმავლობაში 100 000 ბრუნვა მქონდა. მედავებიან თითქოს, თანხა მოვპარე მამაჩემს, ჩემმა დებმაც თქვეს, რა თანხაც უნდოდა, ნებისმიერ დროს სთხოვდა და აიღებდაო. პოლიციელის ხელფასი 1 400 ლარია, მამაჩემი მაძლევდა ფულს, როცა მჭირდებოდა. ჩემმა დებმაც განაცხადეს და მეც, მამაჩემზე არაერთხელ მოხდა თავდასხმა, ადგილი არ ჰქონია, სადაც ტყვია მოხვედრილი არ ჰქონია. მის წარსულზე არ ვლაპარაკობ, პროკურორმა არ იცის, კრიმინალური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ბიძა მომიკლეს.
თქვენო ღირსებავ, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, როცა სამსჯელოდ გახვალთ, იმედი მაქვს, ობიექტურად შეაფასებთ ჩემ ნათქვამსაც, მოწმეებმა რაც თქვეს და იმ ფაქტებსაც, რაც მე ვთქვი“, - განაცხადა ბეროზაშვილმა.
0
0