“ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში ოპოზიციური მედია ავრცელებს, თითქოს რუსეთი და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობენ, არის ფეიკი, რაზეც კომენტარს არ ვაკეთებთ“. ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოსკოვი და თბილისი აქტიურად მუშაობენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ამის შესახებ iz.ru იუწყება.
„ვერ ვხედავთ აზრს, რომ კომენტარი გავაკეთოთ რაღაცა ფეიკებზე, რის ტირაჟირებასაც ქართული ოპოზიციური მედია ეწევა“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
11 ივნისს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, მოსკოვში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა შერჩევაც კი დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.
0
0