
კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმს დაესწრო.
ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.
ფორუმის მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიღწევაა. წლევანდელი დისკუსიის თემა იყო „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“.
ფორუმის ფარგლებში, გიულისტანის სასახლეში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა.
„დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, კულტურათაშორის დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეიარაღებული კონფლიქტები, სოციალური უთანასწორობა, გარემოსდაცვითი გამოწვევები და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ხშირად კიდევ უფრო ართულებს საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებას. კულტურას აქვს უნიკალური ძალა, გააერთიანოს და დააახლოოს განსხვავებული საზოგადოებები, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია შამათავამ.
სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებაზე.
პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.
სამდღიანი ფორუმი, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
0
0