-share.jpg)
ოპოზიციონერმა ლიდერმა, დონალდ ტუსკმა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ მედია წერს.
„ეს არის ბოროტი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონის და სამართლიანობის“ დასასრული, ჩვენ ეს გავაკეთეთ. მოვიგეთ დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენი თავისუფალი საყვარელი პოლონეთი. ეს დღე ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც ნათელი დღე, პოლონეთის აღორძინება“, – აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი, ხოლო „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO) ხმების 31.6 პროცენტი მოიპოვა.
როგორც პოლონური მედია წერს, აღნიშნული მონაცემები თუ დაემთხვევა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შესაძლოა, მთავრობას სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია ჩაუდგეს.
ასეთი შედეგი ნიშნავს, რომ სამ გაერთიანებულ პარტიას, რომლებიც მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს იკავებენ, სავარაუდოდ, ექნება მანდატების უმრავლესობა პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.
პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 15 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურა.
0
0