
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს“ ფინანსურ შემოსავალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.
DRI დაინტერესდა, რამ გამოიწვია შეწირული თანხის ასეთი მკვეთრი ცვლილება და ამ კითხვით ჯგუფის ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას მიმართა.
როგორც მორგოშია ამბობს, მათი შემომწირველები რეპრესიის მსხვერპლნი არიან ბანკების მხრიდან. პარტიის მთავარ დამფინანსებლად კი კვლავ ის რჩება.
„ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ კახაბერ ელიზბარაშვილი და მერაბ გიგანი ფლობენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით, პოლიტიკურ დაჯგუფებას 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური პირია, ხოლო ერთი - იურიდიული. მათგან მხოლოდ 33 ფლობს უძრავ ქონებას. 30 შემომწირველი კი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელია.
„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ პარალელურად, DRI-მ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ფინანსებიც შეისწავლა.
კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური ვებგვერდის მიხედვით, ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი მისი მფლობელი ციალა მორგოშიაა. ის კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა, რომლის სახელზეც მორგოშიას შვიდი კომპანიაა აქვს გაფორმებული, მათ შორის, შპს „ალტ-ინფოც“. თუმცა, ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშიაა და ეს ფაქტი მან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან საუბარშიც დაადასტურა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ, მიუხედავად ოფიციალურად დეკლარირებული მწირი დაფინანსებისა, ტელეკომპანია „ალტ-ინფოში“ დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.
„მიუხედავად იმისა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოწირულებები და ფინანსები 2022 წელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული, პარტიაც და ტელევიზიაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. მოცემული ფაქტი კი ბადებს ეჭვს, რომ რადიკალური დაჯგუფების შემოსავალი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებში ჩანს“, - ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0