31/01/2026
21:51

ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი დამატებითი კონკურსები, ატესტაციები და ა.შ. მინდა, აღვნიშნო, რომ აკადემიურ პერსონალთან მიმართებით არანაირი დამატებითი კონკურსები არცერთ უნივერსიტეტში არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შეინარჩუნონ.
„საუბარია ე.წ. წამყვანი პროფესორების სტატუსის დამატებაზე, ანუ არსებულ აკადემიურ პერსონალს დაემატება წამყვანი პროფესორები და აქ იგულისხმება, როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარულ სოციალური მიმართულება გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნებულ იქნას სრული აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი, განსაკუთრებით, ხარისხის სამსახურები, კანცლერის სამსახური, ბუღალტერია, რექტორის აპარატი და ა.შ. იცით თქვენ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, დიდი მადლობა გვინდა, გადავუხადოთ თითოეულ მათგანს. ეს ხალხი ათწლეულებია, უკვე იქ საქმიანობს და შესაბამისად, მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, აღნიშნული რეფორმის ძირითადი განმახორციელებლები სწორედ ეს ადამიანები არიან. სამინისტრო ამ დეტალებში არ აპირებს შესვლას, სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას, ხოლო თავად უნივერსიტეტებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ამოცანების გადაჭრა, ამიტომ ამ ადამიანების მიმართ გვინდა, დავადასტუროთ დიდი პატივისცემა. ასევე, ჩემთვის მართლა გაურკვეველი და გაუგებარია, რა ნაწილში ხდება გაპროტესტება იგივე სტუდენტების მხრიდან, როდესაც სტუდენტებს ვეუბნებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს, როგორც ლექტორი, კარგად ვერ ვიგებ, მაგრამ ეს მათი საქმეა. ამავე დროს, აკადემიურ ნაწილზე კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არანაირი დამატებითი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებით არ იგეგმება, ძალიან აქტიურად არიან ჩართული, როგორც რექტორები ორივე მიმართულებით აღნიშნულ პროცესში, ასევე კანცლერები, ვიცე-რექტორები.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, რომლის წარდგენასაც ვგეგმავთ მომავალ კვირას პარლამენტში, რეორგანიზაციის მუხლი არის ჩაშლილად, პუნქტობრივად მოცემული, ის გულისხმობს დროებითი რექტორის და შესაბამისად დროებითი მმართველი საბჭოს ფორმირებას. ეს იქნება სრულად თანასწორუფლებიან, პარიტეტულ საწყისებზე გაკეთებული საბჭო, შესაბამისად, ორივე უნივერსიტეტს თანაბრად ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინონ კანდიდატურები. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც თანაბარი იურიდიული ძალის მქონე პარამეტრებით იქნება მიღებული. ამიტომ ამ ნაწილში ვფიქრობთ, გარკვეული ტიპის რაღაც რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდებით, მთავარი გახლავთ, სწორი მიმართულებით წავიდეს და აუცილებლად მივიყვანოთ რეფორმა ბოლომდე“, – განაცხადა ზვიად გაბისომნიამ.
რაც შეეხება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხარისხი აკადემიური პროგრამების გაერთიანების ხარჯზე მოიმატებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ არა ის, შემცირდება თუ არა აკადემიური პერსონალი, არამედ სწავლის ხარისხი, რა დონეზე მოიმატებს. აკადემიური პერსონალი არ შედგება მხოლოდ სალექციო კურსისგან, შედგება კვლევითი პარამეტრებისგან, იგივე სემინარული მუშაობისგან, ამიტომ ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ვერ მოხერხდება, რომ სალექციო კურსის ნაწილზე იყოს დასაქმებული, დასაქმდება იგივე სამეცნიერო კვლევითი პროექტების მიმართულებით. ამიტომ ამ ნაწილში ადმინისტრაციული პერსონალისა და აკადემიური პერსონალის შენარჩუნებას შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ნამდვილად ვგეგმავთ“, – აღნიშნა გაბისონიამ.
0
0