
„ზურაბიშვილი ივანიშვილის თოჯინაა, ის გამოირჩევა თვალთმაქცობით და არასდროს აკეთებს ისეთ რამეს, რაც არ არის სასარგებლო ივანიშვილისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა, „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციაზე და ევროპაზე ამბობს სადღეგრძელოებს, მაგრამ მასთან, როგორც პუტინის პირად ტყვესთან მიმართებით არ უხვევს რუსული პარტიის ხაზს.
„ქართულ ციხეში ვიმყოფები, ვინაიდან როდესაც 2014 წელს უკრაინაში ჩავედი და ევრომაიდანის შემდეგ ახალი მთავრობის დახმარება დავიწყე, სწორედ პუტინმა მისცა განკარგულება ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანა და 2 მილიარდი დოლარი მისცა, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღეძრა.
პუტინს არ შეეძლო ჩემთვის 2004 წლის პირველი უკრაინული „მაიდანის“ პატიება და იმის, რომ 2008 წელს მისი არმია თბილისში არ შემოვუშვი და ქართული სახელმწიფოებრიობა დავიცავი.
2021 წელს საქართველოში აღმოვჩნდი, ვინაიდან ვხედავდი, რომ რუსეთის ქვეშ მიგვათრევდნენ და ამ ვითარების გადარჩენას ვცდილობდი.
მერე ომი დაიწყო და პუტინის პირად სამხედრო ტყვედ ვთვლი საკუთარ თავს.
მომწამლეს, მაწამეს. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მასამართლებენ.
ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტი ზელენსკისა და მისი ოფისის, რომლებიც არაერთხელ საჯაროდ იცავდნენ ჩემს უფლებებს.
უკრაინა ჩემი, როგორც უკრაინის მოქალაქის, გადაცემას ითხოვს. ევროპარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩემს გათავისუფლებას მოითხოვს და ჩემს პატიმრობას „ოლიგარქის პირად ვენდეტას“ ეძახის.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, იგი ფარისევლობით გამოირჩევა და არასდროს არ აკეთებს იმას, რაც ივანიშვილისთვის არ არის მოგებიანი.
2008 წლის ომისთვის საქართველოს ადანაშაულებდა.
თუმცა, ზოგჯერ ის სწორ რამეებს ამბობს. ახლა ის უბრალოდ ეხვეწება ზელენსკის მიწვევას.
ზურაბიშვილი ივანიშვილის ჩვეულებრივი თოჯინაა, რომელსაც ის იყენებს დასავლეთთან და უკრაინასთან სასაუბროდ.
საკმარისია გავიხსენოთ, რომ მან მოითხოვა ჩემი განსჯა 2008 წელს „ცხინვალზე თავდასხმისთვის“.
მან სრულად მოიწონა რუსეთის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაცია.
ახლა ის უნგრეთის პრეზიდენტის როლს ასრულებს.
მესმის, რომ ახლა ნებისმიერი მხარდაჭერის სიტყვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინელებს არ უნდა მოატყუოთ. ამ ქალის სისულელეების მიღმა დგას ივანიშვილის აქტიური თანამშრომლობა რუსებთან სანქციების თავიდან აცილების საკითხში.
საქართველოს ხშირად სტუმრობენ კადიროველები, ასევე აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების ოფიცრები.
ზურაბიშვილი ოკუპაციაზე და ევროპასთან დაკავშირებით სადღეგრძელოებს ამბობს, მაგრამ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებით, ასევე სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში, იოტისოდენადაც არ უხვევს რუსული მხარის ხაზს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0