
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
„სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ამინდს უნდა ვქმნიდეთ ჩვენ, რეგიონის სახელმწიფოები, და არა შორეული კაბინეტებიდან მოკარნახე ბიუროკრატები!,”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მაგალითია. მისივე თქმით, ევროკავშირმა დაინახა, რომ საქართველოსთან მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკა არ მუშაობს და ამიტომ დაიწყო გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან.
„პატივს ვცემთ ჩვენს მეზობელ სომეხ ხალხს და მათ სუვერენულ უფლებას, თავად, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი და განვითარების გზა. სომხეთის პროგრესი და წინსვლა ჩვენი რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს, როდესაც გლობალური ტურბულენტობა ისედაც პიკს აღწევს, ჩვენი, როგორც უახლოესი მეზობლის, ამოცანაა ხელი შევუწყოთ სამხრეთ კავკასიაში შიდა სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ რთულ მოცემულობაში, საქართველოს მიზანია გააგრძელოს პრაგმატული, მშვიდობიანი და დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი თბილისს, ერევანსა და ბაქოს შორის, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით არ დავუშვათ კავკასიის ქცევა გლობალური კონფლიქტების პოლიგონად.
ამ რეგიონული მშვიდობისა და ეკონომიკური სიძლიერის საუკეთესო მაგალითი არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამმხრივი ფორმატი. ეს არის „შუა დერეფნის“ პროექტის წარმატების ხერხემალი. ეს ფორმატი ამტკიცებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ამინდს უნდა ვქმნიდეთ ჩვენ, რეგიონის სახელმწიფოები, და არა შორეული კაბინეტებიდან მოკარნახე ბიუროკრატები!
და ნახეთ, რა ხდება მეორე მხარეს, როდესაც საქმე ჩვენს სუვერენიტეტს ეხება: თვეების განმავლობაში გარკვეული ძალები გვემუქრებოდნენ, გვაშინებდნენ ვიზების გაუქმებით, შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ, ვითომ დემოკრატიას იცავდნენ. და რა მივიღეთ რეალურად? სულ რამდენიმე დღის წინ, თავად ევროკომისიამ დანიშნა ტექნიკური შეხვედრები, რათა გამოსავალი იპოვონ და ეს ხელოვნურად შექმნილი ჩიხური მდგომარეობა გამოასწორონ.
რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ დაინახეს: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის! მათ ძალიან კარგად გაანალიზეს, რომ ვიზების შეჩერების აბსურდული გადაწყვეტილებით საკუთარ რეპუტაციას სამუდამოდ დაასამარებდნენ საქართველოში,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
0
0