
ახალი მექანიზმი ევროკავშირში ფაქტობრივად ამკვიდრებს „პირობითი წევრობის“ ცნებას. გაწევრიანებიდან 15 წლის განმავლობაში, ნებისმიერ ახალ ქვეყანას, შესაძლოა, ოპერატიულად ჩამოერთვას ხმის უფლება ევროკავშირის საბჭოში ან დაფინანსება საერთო ფონდებიდან.- წერს euronews:
ჩერნოგორია გახდება ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც მოუწევს ბრიუსელის ახალი დამცავი მექანიზმების გამოცდა, რომელთა საბოლოო სახით ჩამოყალიბებაც ბრიუსელში ხდება.
ეს ზომები მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან იქნეს აცილებული „უნგრული სცენარის“ განმეორება- მთელი ევროკლუბის გადაწყვეტილებების მუდმივი დაბლოკვა ერთი ქვეყნის მიერ, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა უნგრეთი ვიქტორ ორბანის მეთაურობით.
ასეთი გამოცდილების ფონზე, ბრიუსელი რადიკალურად ცვლის გაფართოების წესებს და მოლაპარაკებებში კანდიდატ ქვეყნებს სუბიექტურობას ართმევს. ფორმალურად, ბრიუსელი ამ დებულებას უახლოეს დღეებში ჩამოაყალიბებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ულტიმატუმის ხასიათი ექნება. პოდგორიცას უბრალოდ არ ექნება შესაძლებლობა, გაასაჩივროს ეს პირობები, ან უარი თქვას მათზე. ბრიუსელი ქვეყანას არჩევანის წინაშე აყენებს: „მიიღე ან წადი“.
ევროკომისიის გეგმების თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ სახელმწიფოს 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა ელის. ამ დროის განმავლობაში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებებისა და „გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის“ დარღვევისთვის, შეეძლებათ ოპერატიულად ჩამოართვან ქვეყანას ხმის უფლება ევროკავშირის საბჭოში, ან დაფინანსება საერთო ბიუჯეტიდან.
ახალი ნორმა მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედი მე-7 მუხლის რადიკალურად გაძლიერებას. ის ადრეც იძლეოდა იმ სახელმწიფოებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საშუალებას, რომლებიც დემოკრატიის პრინციპებს არღვევდნენ. თუმცა, პრაქტიკაში მექანიზმი არასდროს მუშაობდა, ვინაიდან ევროკავშირის დანარჩენი წევრების სრულ ერთსულოვნებას მოითხოვდა, რასაც ბრიუსელმა ვერ მიაღწია პოლონეთისა და უნგრეთის ყოფილ მთავრობებთან მრავალწლიანი დავების მიუხედავად. ისინი ვეტოს უფლებას იყენებდნენ.
ამავე მკაცრი წესების ავტომატურად გამოყენებას გეგმავს ბრიუსელი ალბანეთთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შემდგომ შეთანხმებებშიც.
0
0