
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე "ინვესტიციების სააგენტოს" მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა,“ - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.
ქადაგიძის თქმით, საინტერესოა, როგორ აპირებს ახალი სააგენტო [„ინვესტიციების სააგენტო“] ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია.
„კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ექსპორტის მხარდაჭერა განისაზღვრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის ფარგლებში, ამ მიმართულებით ძალიან მწვავე ტენდენცია გამოიკვეთა. ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზული ბარიერები აქვთ შიდა სარეალიზაციო ქსელებთან. ადგილი აქვს დაგვიანებულ გადახდებს, არაკონკურენტულ პირობებს და ა.შ. მაინტერესებს, როგორ აპირებს ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია, ანუ ხომ არ მივიღებთ სურათს, სადაც სააგენტო ქვეყნის გარეთ ეძებს იმას, რაც შიგნით ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. ექსპორტი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მეწარმე თუ ადგილობრივ ბაზარზე წამგებიან პირობებშია, მას ექსპორტისთვის საჭირო საინვესტიციო კაპიტალიც კი უბრალოდ არ ექნება. საერთაშორისო ბაზარი ითხოვს სტაბილურ დიდ მოცულობებს და თუ მწარმოებელი ადგილობრივი ქსელებისგან დისკრიმინაციული პირობების გამო ვერ ზრდის წარმოებას, ის ვერც ექსპორტის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.
სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
ირაკლი მეზურნიშვილმა ქადაგიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი სააგენტოს შექმნის პროცესი, სულ მალე დასრულდება და დეტალურად განიხილება სააგენტოს მუშაობის სტრატეგია და პრიორიტეტები.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026