
ზიზღის ენა და საზოგადოების მიზანმიმართული დაპირისპირება უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან, - პრემიერის განცხადება დილიდან პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქვეყანაში სიძულვილის დათესვას ცდილობენ, ამის პარალელურად კი გარე დამფინანსებლების მხრიდან ისმის მოწოდებები პოლარიზაციის შემცირების შესახებ.
მმართველ გუნდში საზოგადოების გახლეჩის მცდელობაზე და "კაგებეს" მეთოდებზე აკეთებენ აქცენტს. კონტრბრალდებები აქვს ხელისუფლებასთან ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ზიზღს ენა, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან არ უნდა მოდიოდეს.
"ზიზღის ენა, პირველ რიგში, არ უნდა მოდიოდეს ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენ ვისმენთ პროცესის შესაბამის კრიტიკას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ ზიზღს. ვხედავთ, რომ ხელისუფლების და მთლიანად "ქართული ოცნების" ზიზღის ენა მიმართულია ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
პარტია ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, ზიზღის ენა ქვეყანაში მხოლოდ "ქართული ოცნების" მხრიდან მოდის.
"თუ ვინმე დღეს ქვეყანაში ზიზღის ენით საუბრობს, ეს არის "ქართული ოცნება". ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ მათ ზიზღის ენით, პირიქით. ყველა სექტორში, რომელიც სახელმწიფოს ქმნის, ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ გასაგები, პატივისცემის ენით, მიუხედავად იმისა, როგორი განსხვავებული აზრებიც არ უნდა გვქონდეს", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
0
0