17/11/2023
15:02
მსოფლიო
ზიმბაბვეს მთავრობამ დედაქალაქ ჰარარეში ქოლერის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ დრომდე, ეპიდემიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაფიქსირებულია 7000-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა.
„ქოლერის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ. ეპიდემია, რომელიც მთელ ქალაქში გავრცელდა, 2008 წელს ქოლერის აფეთქებას გვაგონებს, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა იან მაკონემ.
ხელისუფლება, ქოლერის გავრცელების შეკავებისა და უვნებელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით, დახმარებას ითხოვს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) თანახმად, ჯანდაცვის ორგანოები დაავადების გავრცელების პრევენციას მედპერსონალისა და საჭირო სამედიცინო მარაგის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებენ.
ბოლო თვეების განმავლობაში, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, ზიმბაბვე ქოლერის ეპიდემიას ებრძვის.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში 7,398 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, დადასტურებულია 50 ადამიანის გარდაცვალება, 109 კი საავადმყოფოში მკურნალობს. ჯანდაცვის მინისტრი დაავადების გავრცელების ეპიცენტრს ეწვია და ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რომლებიც ეხება ქუჩებიდან საკვებით მოვაჭრეების გაყვანასა და უსაფრთხო წყლის ტრანსპორტირებას.
ზიმბაბვეს მეზობელი ქვეყნები - მალავი, სამხრეთ აფრიკა და მოზამბიკი, წარსულში ასევე ხშირად განიცდიდნენ ქოლერის აფეთქებას.
ქოლერა, მწვავე დიარეული ინფექცია, გამოწვეულია Vibrio cholerae ბაქტერიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებით. დიარეისა და ღებინების შედეგად დაკარგული სითხისა და მარილების ჩასანაცვლებლად, მას პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარით მკურნალობენ.
0
0