
თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, სატრანსპორტო საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიების, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში დეტალურად არის საუბარი საკრებულოს წევრის აქტივობაზე ფრაქციასა და შესაბამის კომისიებში. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში თბილისის საკრებულოს 18 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც 99 დადგენილება და 714 განკარგულება მიიღეს.
ამასთან ერთად, ლეილა კოლომიკოვის მონაწილეობით საანგარიშო პერიოდში გარემოს დაცვის კომისიის 15 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 111 საკითხი იქნა განხილული. კომისიის საქმიანობის ფარგლებში საკრებულოს წევრის ჩართულობით განიხილეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის რეგულაციებისა და მუნიციპალურ გარემოსდაცვითი პროგრამები.
„ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება-განვითარების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიზნით მუნიციპალური პროგრამების განხორციელების საკითხებს“, - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ლეილა კოლომიკოვმა.
პრეზენტაციაზე საკრებულოს წევრმა ასევე დეტალურად საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიაში თავისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშის თანახმად, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში 16 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც 59 საკითხი განიხილეს. ლეილა კოლომიკოვის განცხადებით, საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სატრანსპორტო რეგულაციების განხილვას. მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე.
ლეილა კოლომიკოვმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მეტროს მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ შეთანხმებას.
საკრებულოს წევრმა პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზეც, ჩატარებულ 23 სხდომაზე განიხილეს 43 საკითხი და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების მოხსენებებს მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
პრეზენტაციის დასასრულს საკრებულოს წევრმა მიმოიხილა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საქმიანობა, რომლის მთავარი მიზანიც გენდერული თანასწორობისა და უფლებათა დაცვის ხელშეწყობაა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
0
0