
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით ტრამპ-პუტინის შეხვედრის საკითხი პუტინს და ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს „კონკრეტულად არ განუხილიათ“.
„ამერიკული მხარის წინადადებით, პრინციპული შეთანხმება მიღწეულია - კერძოდ, უახლოეს დღეებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან.
ახლა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ვიწყებთ ამ შეხვედრის კონკრეტული პარამეტრებისა და ადგილის შემუშავებას. სხვათა შორის, აღვნიშნავ, რომ ადგილიც პრინციპულად შეთანხმებულია და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ.
რაც შეეხება სამმხრივი შეხვედრის ვარიანტს, რომლის შესახებაც რატომღაც ვაშინგტონმა გუშინ განაცხადა, კრემლში შეხვედრის დროს ამერიკის წარმომადგენელმა ეს ვარიანტი უბრალოდ ახსენა, თუმცა, კონკრეტულად არ განხილულა.
რუსულმა მხარემ ეს ვარიანტი სრულიად უკომენტაროდ დატოვა. ჩვენი იდეა ასეთია - პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილოთ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის მომზადებაზე და მთავარია, ეს შეხვედრა წარმატებული და პროდუქტიული უნდა იყოს.
ყველამ ასევე იცის, რომ გუშინ, უიტკოფის მოხსენებისთანავე, ტრამპმა დაურეკა რამდენიმე წამყვან ევროპელ პარტნიორს და ეს საკითხი მათთან განიხილა. აღვნიშნავ, რომ ჩვენ, შესაბამისი არხების გამოყენებით, უკვე დავიწყეთ ჩვენი უახლოესი პარტნიორებისა და მეგობრების ინფორმირება უიტკოფთან ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ.
[შეხვედრის] მიზნობრივ თარიღად მომდევნო კვირა განიხილებოდა, თუმცა მხარეები ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის პირდაპირ მზადებას იწყებენ და ძნელი სათქმელია, რამდენი დღე დასჭირდებათ მოსამზადებლად. თუმცა, განიხილებოდა შეხვედრის მომდევნო კვირაში ჩატარების ვარიანტიც, რომელიც ჩვენთვის სავსებით მისაღებია,“ - განაცხადა უშაკოვმა.
0
0