
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის’’ სამიტი დატოვა. ზელენსკიმ მასპინძელი კანადისგან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი დახმარების დაპირება მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ დიპლომატია „კრიზისშია“, რადგან მან ხელიდან გაუშვა შანსი, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, მეტი იარაღის მიწოდების მოთხოვნით, ზეწოლა მოეხდინა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის იმედოვნებდა ტრამპთან მეტი იარაღის შეძენაზე საუბარს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ, შეერთებული შტატებისგან წინააღმდეგობის შემდეგ, ოტავა არ შეუერთდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ,,დიდი შვიდეულის’’ მიერ მკაცრი განცხადების გამოქვეყნებას.
„დიდი შვიდეულის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მათ აღიარეს, რომ უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია და შეთანხმდნენ, რომ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. ,,დიდი შვიდეულის’’ ლიდერებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, შეისწავლონ ყველა ვარიანტი რუსეთზე ზეწოლის მაქსიმიზაციისთვის, მათ შორის ფინანსური სანქციები“, - თქვა კარნიმ.
Reuters-ის ინფორმაციით, სამმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მათ ტრამპისგან სიგნალები მოისმინეს, რომ მას სურდა პუტინზე ზეწოლის გაზრდა და სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ შემუშავებული აშშ-ის სენატის კანონპროექტის განხილვა, თუმცა ტრამპს არაფრის ვალდებულება არ აუღია.
„გერმანიაში ფრთხილი ოპტიმიზმით ვბრუნდები, რომ უახლოეს დღეებში ამერიკაშიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
,,დიდი შვიდეულის’’ ლიდერები შეთანხმდნენ კიდევ ექვს განცხადებაზე, რომლებიც ეხება მიგრანტების კონტრაბანდას, ხელოვნურ ინტელექტს, კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებს, ხანძრებს, ტრანსნაციონალურ რეპრესიებსა და კვანტურ გამოთვლებს.
2025 წელს კანადა ,,დიდი შვიდეულის’’ მორიგეობითი თავმჯდომარეა.
0
0