
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა.
ვაშინგტონში ჩასვლამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მხარე ომის სწრაფ დასრულებას ცდილობს.
„მე უკვე ჩავედი ვაშინგტონში, სადაც პრეზიდენტ ტრამპს ვხვდები. ასევე ვისაუბრებ ევროპელ ლიდერებთან. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს ჩემი მოწვევისთვის. ყველას გვაერთიანებს ძლიერი სურვილი, რომ ეს ომი სწრაფად და საიმედოდ დასრულდეს. მშვიდობა კი - მდგრადი უნდა იყოს და არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა, დაეთმო ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - და პუტინმა ეს, უბრალოდ, ახალი შეტევის მიზნით, პლაცდარმად გამოიყენა. ანუ, როდესაც 1994 წელს უკრაინას ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭა, ეს უსარგებლო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ყირიმი მაშინ არ უნდა დაგვეთმო, ისევე როგორც, 2022 წლის შემდეგ, უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკოვი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა, ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს დონეცკისა და სუმის ოლქებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ზოგადად, ამერიკის, ასევე ყველა პარტნიორისა და მოკავშირის იმ მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის, რასაც ისინი გვიწევენ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რუსეთს ნამდვილი მშვიდობის დამყარებას აიძულებს. გმადლობთ!“ - წერს ზელენსკი X-ზე.
0
0