31/08/2023
21:45
მსოფლიო
უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და ამ დროს ქვეყანაში კვლავ ომი იქნება, ის კენჭს იყრის. BBC News Ukraine-ს ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პორტუგალიურ საზოგადოებრივ მაუწყებელს RTP განუცხადა.
„2024 წელს, თუ ომი გაგრძელდა და თუ არჩევნები დაინიშნა, არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ ჩემს სახელმწიფოს, რადგან მე კონსტიტუციის გარანტი ვარ და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ“, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინული მედია საზოგადოებას ახსენებს, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის პროგრამაში ჩაწერა, რომ მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებდა თანამდებობას და მეორედ კენჭისყრას არ აპირებდა. თუმცა, როგორც Ukrainska Pravda წერს, ამის მიუხედავად, ზელენსკი 2021 წელს არჩევნებისთვის ემზადებოდა.
ცოტა ხნის წინ კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები საკანონმდებლო ცვლილებებს, „დამკვირვებლებს სანგრებში“ და დიდ თანხებს საჭიროებდა დასავლელი პარტნიორებისგან.
მან პორტუგალიურ მედიასთანაც გაიმეორა, რომ არჩევნების ჩატარება დასავლელმა პარტნიორებმა უნდა დააფინანსონ, რადგან საჭიროა უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა და დევნილთათვის ხმის მიცემის პირობების შექმნა.
0
0