„გასული თვის განმავლობაში, ზამბიაში, მოწამლულმა სიმინდმა 400 ძაღლი იმსხვერპლა და ადამიანებიც შესაძლოა იმავე რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ქარხნებიდან აღებული 25 ნიმუშის ნახევარი სოკოებით წარმოქმნილ შხამიან ნივთიერებას - აფლატოქსინების - უაღრესად მაღალ დონეს შეიცავს. ტესტის შედეგები [მოსახლეობის] ჯანმრთელობისთვის შემაშფოთებელია,“ - განაცხადა ზამბიის ჯანდაცვის მინისტრმა ელია მუჩიმამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ აფლატოქსინები ადამიანებში ღვიძლის კიბოს იწვევს. მას შემდეგ, რაც ზამბიის მაუწყებელმა Diamond TV-მ დაადგინა, რომ ათობით ძაღლი აფლატოქსინით მოწამვლისგან დაიღუპა, ხელისუფლებამ ქვეყნის სიმინდის მარაგის კვლევა დაიწყო. როგორც ცნობილია, სიმინდი ძირითადი საკვებია ზამბიაში. სავარაუდოდ, ძაღლები მოწამლული სიმინდის შემცველი საკვების ჭამის შემდეგ დაიღუპნენ.
ზამბიის ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია მოწამლული სიმინდის შედეგად ადამიანების გარდაცვალების შესახებ. პრესკონფერენციაზე, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ კლიმატის ცვლილებამ და, კერძოდ, ზამბიაში გვალვის ზემოქმედებამ „ამ სეზონზე აფლატოქსინის გაჩენას ხელი შეუწყო“. მისივე განცხადებით, მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მეთვალყურეობა გააფართოვა.
0
0