
ქოლერის ეპიდემიის შედეგად 300-მდე ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზამბიის პრეზიდენტმა ჰაკაინდე ჰიჩილემამ მოსახლეობას ქალაქებიდან სოფლებში გადასახლებისკენ მოუწოდა.
,,ზოგიერთ მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რაიონში ცუდი სანიტარული პირობები ქოლერის მნიშვნელოვნად გავრცელების საფუძველია,“ - თქვა ჰიჩილემამ.
2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, ქოლერის 7500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ზამბიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 17 ადამიანი გარდაიცვალა. სკოლების გახსნა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გადაიდო. ჯერჯერობით, დაავადება ზამბიის 10 პროვინციიდან რვაში გავრცელდა.
ზამბიის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა გარკვეულ ზომებს მიიღებს წყლის მეშვეობით გადამდები ბაქტერიული დაავადების აღმოსაფხვრელად. მეზობელმა ქვეყნებმა - მოზამბიკმა და ზიმბაბვემ - ასევე გააძლიერა მეთვალყურეობა, რათა თავიდან აიცილონ ქოლერის ტრანსსასაზღვრო გადაცემა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ზამბიაში ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით ერთ მილიონ დოზას უახლოეს დღეებში გააგზავნის.
უკვე თვეებია, რაც ზიმბაბვეც ქოლერის გავრცელებას ებრძვის, რადგან ქვეყანაში სუფთა წყლის დეფიციტია.
0
0