
26 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა "უჩა ჯაფარიძე - 120". ასევე, გამოფენა მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ფართო სპექტრს წარმოადგენს და აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი 73 ნამუშევარი დაცულია უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან.
უჩა ჯაფარიძე (1906 – 1988) ქართული სოცრეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა საბჭოთა ეპოქის კულტურულ პოლიტიკასა და მის მიერ განსაზღვრულ მხატვრულ პრიორიტეტებს. ამავე დროს, კარიერის ადრეულ წლებში ჯაფარიძე მონაწილეობდა XX საუკუნის ახალი ქართული ფერწერის ფორმირების პროცესში. მისი ადრეული ნამუშევრები ავლენს მოდერნისტულ ტენდენციებთან დიალოგს, მხატვრული ძიებების სითამამესა და ფორმალური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს.
0
0