14/01/2025
21:12
საზოგადოება
„ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
14 იანვარს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო კომუნიკაციაში იგი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, - ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის, - მათთან ერთად მყოფი მოქალაქე გიორგი გოგოლაძისა და, ასევე, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის დაკავების შესახებ.
მანამდე ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩმა ჯანჯღავამ მათ განუცხადა:
„ჩვენ დაგვირეკა პოლიციამ, რის შემდეგაც საელჩოს საკონსულო სამსახური ჩაერთო საქმეში. მიდის გამოძიება და ჯერ ვერაფერს გეტყვით.... დაკავებულებს ვერ დავარქმევ, უფრო გამოძიებისთვის არიან პოლიციაში გადაყვანილნი“.
ცოტა ხნის წინ კიდევ გავრცელდა საელჩოს კომენტარი:
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოიკითხვაზე იმყოფებიან“, - აცხადებენ საელჩოში.
ლაშა გაბიტაშვილის ცოლი, ოლგა ობრაზცოვა რადიო თავისუფლებასთან კი ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს განვითარებულ მოვლენებზე. „თავად ლაშა დაგიკავშირდებათ“, - მოგვწერა მან.
რამდენიმე საათის წინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა გაავრცელა ცნობა, რომ მისი ინფორმაციით, აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ წილოსანი დააკავეს. ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად მყოფი მოქალაქის, გიორგი გოგოლაძის დაკავების შესახებ; ასევე, ლაშა გაბიტაშვილის დაკავების შესახებაც - რომელსაც 13 იანვარს ზარქუა და სანიკიძე თავს დაესხნენ.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, 14 იანვარს დღის განმავლობაში ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბის პოლიციაში იმყოფებოდნენ და მიმდინარეობდა გამოკითხვა. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 12 და 13 იანვარს დაპირისპირება მოხდა. ინციდენტებში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები (ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე) და საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი მონაწილეობდნენ. დაპირისპირების ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელში ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა.
რადიო თავისუფლება
0
0