18/11/2022
15:22
პოლიტიკა
“პრემიერი აქ ლექციას კითხულობდა - არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ ყველას გვახსოვს, პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, „მოღალატეს,“ ამიტომ თქვენი ეს მოწოდება სხვებისთვის უხერხულია”, - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.
დეპუტატი ამბობს, რომ თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, ეს იქნება პერსონალურად ღარიბაშვილის და მისი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა.
"მე გეტყვით ბატონო პრემიერო, რა გააკეთეთ: გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად. ანუ მზად ხართ პირადად თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
მოახერხეთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ბოლო 2 წლის განმავლობაში საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაშინ როდესაც საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე ამ თვალსაზრისით. მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები.
მოახერხეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები წინა წლის ამავე პერიოდთან არის 183%-ით გაზრდილი. თქვენ აქ გამოდიხართ და საუბრობთ ყველაფერზე და არაფერზე. საუბრობთ წარსულზე, მაგრამ ერთი რაც უნდა იცოდეთ პირადად თქვენ და თქვენი გუნდის წევრებმა, რომ თუ ქვეყანა ამ უნიკალურ შანსს გაუშვებს, ეს იქნება პერსონალური თქვენი და თქვენი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
0
0