
„თავსმოხვეულმა კონფლიქტმა და აფხაზეთში წარმოებულმა ომმა ქვეყანას უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა - ადამიანური დანაკარგი, განადგურებული ოჯახები, დევნილობა, დაკარგული სახლები, დაობლებული შვილები, ტრავმა, რომელიც თაობებს გადაეცემა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 300 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო. ამ ციფრების მიღმა კი თითოეული ადამიანის სიცოცხლე დგას, ამიტომ ჩვენ არ უნდა შევხედოთ ომს მხოლოდ სტატისტიკის თვალით. ომი არის დედის ცრემლი, შვილის მონატრება, მამის არდაბრუნება, დაცარიელებული სახლი, დაკარგული ბავშვობა და წართმეული მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა,, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივგების ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი, ასევე საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
როგორც სტუ-ის რექტორმა განაცხადა, 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, 27 სექტემბერს შეიარაღებულ კონფლიქტს მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი იძულებით გადაადგილება მოჰყვა. ჟიული შარტავა, რომელიც იმ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, და სოხუმის მერი გურამ გაბისკირია სოხუმის დაცემის დროს დაიღუპნენ. ორივეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
„1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავამ, გურამ გაბისკირიამ და მათმა თანამებრძოლებმა სოხუმის დატოვებაზე უარი თქვეს. ისინი ბოლომდე დარჩნენ იმ ადამიანებთან, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული. იმ დღეს ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს. ასევე, მინდა განსაკუთრებული პატივისცემით გავიხსენო ყველა ის გმირი, რომელთა სახელებიც ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილია - გენო ადამია, მამია ალასანია, რაულ ეშბა, ალექსანდრე ბერულავა. მამა ანდრია (ანდრია ყურაშვილი), იური (გიორგი) ანუა და ყველა ის ადამიანი, ვინც აფხაზეთის მიწაზე საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ადამიანური ღირსება და სამშობლო. ბაბუშერას ტრაგედია, გუმისთის ბრძოლები, ტამიშის ბრძოლა, კამანის ტრაგედია და სოხუმის უკანასკნელი დღეები ჩვენი ისტორიის ის ფურცლებია, რომელთა დავიწყების უფლება არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ ომი არ არის რუკაზე გავლებული ფრონტის ხაზი. ომი არის ადამიანის სიცოცხლე. ომი ანგრევს ეკონომიკას, განათლებას, კულტურას, ოჯახებს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი. არ უნდა დავივიწყოთ იქ დაღუპულები. არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი. მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ თაობებს ომის ნაცვლად მშვიდობიანი განვითარების, განათლების, შრომისა და ერთიანობის ქვეყანა დავუტოვოთ. ნათელი და მარადიული ხსოვნა აფხაზეთში დაღუპულ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. ღმერთმა მშვიდობა და კეთილდღეობა მისცეს საქართველოს და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
0
0