
მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან არიდებისათვის. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება დევიდ ო’სალივანის ვიზიტიც, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირმა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა სანქციების მე-11 პაკეტი, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაიკეტოს ის გზები, რომლებითაც ხდება ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი აძლიერებს მესამე ქვეყნებთან. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მტკიცედ განსაზღვრული: მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან არიდებისათვის. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება ეს ვიზიტიც. განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოს ხელისუფლებასთან ის საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს განიხილავს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
0
0