02/03/2023
16:46
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრიანსკის ოლქში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა და მომხდარს მორიგი ტერორისტული აქტი და დანაშაული უწოდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
პუტინის თქმით, ტერორისტებს არაფერი გამოუვათ და ისინი განადგურებულები იქნებიან.
როგორც პუტინმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რუსეთში უკრაინიდან შესულმა დივერსიულმა ჯგუფმა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნა. „ისინი მშვენივრად ხედავდნენ, რომ ეს იყო სამოქალაქო მანქანა - „ნივა“ და გაუხსნეს ცეცხლი. იქ მშვიდობიანი პირები, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ“ - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ეს ადამიანები ცდილობდნენ წაერთვათ რუსეთისთვის ისტორია, ტრადიციები და ენა.
ცნობისთვის, დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში უკრაინულ დივერსიულ ჯგუფთან ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები. მძევლად 6 ადამიანი იმყოფება.
მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა თავდამსხმელთა ვიდეო რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი უკრაინელები კი არა, რუსული „თავისუფლების ბატალიონის“ წარმომადგენლები არიან და მოუწოდებენ რუსეთის მოსახლეობას, რომ ერთად იბრძოლონ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
0
0