28/10/2024
16:34
პოლიტიკა
რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით არჩევნების ტოტალური მიტაცება მოხდა - მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც თვლის, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებში საქართველოში გაიმარჯვა ევროპამ და არა რუსეთმა, დავდგეთ ერთად და ჩვენი ერთიანობით დავადასტუროთ, რომ არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა! - ეს განცხადება მედიასთან “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავამ ხაზგასმით განაცხადა, რომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებს სრულად თმობს. მისი თქმით, გაყალბებული არჩევნებით მიღებული მანდატები ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც საარჩევნო შედეგები, რასაც ივანიშვილი ამომრჩეველს სთავაზობს.
ბოკუჩავამ თქვა ისიც, რომ ჩაიხსნება საარჩევნო სიები, რაც ბრძოლის ნაწილია.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია. ეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში დარჩა. მან თქვა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
რა თქმა უნდა, პარლამენტის მანდატებს არ ვიღებთ, სიები ჩაიხსნება და არჩევნებს არ ვაღიარებთ, რადგან როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამ არჩევნების აღიარება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ სპეცოპერაციით ქვეყანაში რუსეთი შემოვიდა და საქართველომ ევროპული არჩევანი დაკარგა. ჩვენ ამას არ მივიღებთ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულია. ამაზე კონსოლიდაცია არსებობს პრეზიდენტს, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას შორის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0