
პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია ირაკლი, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! - ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ, - ასე მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას, რომელმაც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
მან ბერაიას კომიტეტის თავმჯდომარის საპარლამენტო თანამდებობის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ამ ოთახში განსაკუთრებით მიყვარდა - ხოლმე მუშაობა, იმიტომ, რომ ოფიცრების ფოტოები ჰკიდია. ღირსეული ხალხის, ვინც ამ ქვეყანას ემსახურებოდა: კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი... სირცხვილია ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს, ღირსება უნდა დაბრუნდეს! უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე, იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად და ჯანმრთელად სიტუაცია, სანამ ამ თანამდებობას იქნები ჩაბღაუჭებული, როგორც ახლა იქცევი. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ, რომ სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. აქ ღირსება უნდა იყოს. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არცერთ კომიტეტს, ყველა კომიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ, ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იგრძნობოდეს და უნდა იყოს ღირსება. ახლა ეს არ იგრძნობა, დაკარგულია, შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაია!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის გამოსვლას, კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ. მისივე თქმით, მან საკუთარი განცხადებების გამო სინანული უკვე გამოხატა და ის გადადგომას არ აპირებს.
0
0