მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ პოლარულ დათვს შიმშილი ემუქრება, რადგან არქტიკული ზღვის ყინული დნება და ცხოველები ხმელეთზე ცხოვრებისთვის ადაპტირებას ვერ ახერხებენ. დათვის არქტიკული სახეობები ჩვეულებრივ სელაპებით იკვებება, რომლებსაც ისინი ყინულის ნატეხებზე იჭერენ. ყინულის დნობის გამო, ბევრი დათვი უფრო მეტ დროს ატარებს ნაპირზე და ფრინველის კვერცხებს, კენკრას და ბალახს ჭამს. თუმცა ცხოველები სწრაფად იკლებენ წონაში ხმელეთზე, რაც მათი სიკვდილიანობის რისკს ზრდის.
იმის გასაგებად, თუ როგორ გადარჩებიან ცხოველები ყინულის გაქრობის შემდეგ, მკვლევარები, სამი წლის განმავლობაში, ზაფხულის თვეებში, 20 პოლარული დათვის მოქმედებას აკვირდებოდნენ. სისხლის სინჯების აღების და აწონვის გარდა, დათვებს საყელოები შეაბეს და მათზე GPS-ით აღჭურვილი ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს. მეცნიერებს საშუალება მიეცათ, ჩაეწერათ ცხოველების მოძრაობა და ჭამის პროცესი. ზაფხულის თვეებში, ყინულის გარეშე დარჩენილმა დათვებმა გადარჩენის სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენეს, ზოგი მათგანი ძირითადად ისვენებდა და ენერგიას ინარჩუნებდა. უმეტესობა ცურვისას მცენარეულობის ან კენკრის მოპოვებას ცდილობდა. ორივე მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილე 20 დათვიდან 19-მა დღეში, საშუალოდ, 1 კგ. წონის 11% დაიკლო. მკვლევარებმა მკვდარი ცხოველებიც იპოვეს.
კვლევის დამაინტრიგებელი აღმოჩენა იყო ის, რომ ერთმა დათვმა წონაში 32 კგ მოიმატა. სხვა მკვლევარები ამბობენ, რომ პოლარულ დათვებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება.
„სავარაუდოდ, პოლარული დათვები იმ ტერიტორიებიდან გაქრებიან, სადაც მომავალში ზღვის ყინული უნდა დადნეს, მაგრამ ძნელია იმის თქმა, კერძოდ, როდის და სად. ზოგ ზონაში დათვებისთვის საცხოვრებლად კარგი პირობები იქნება მრავალი ათწლეულის შემდეგაც“, - თქვა ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის მკვლევარმა ჯონ აარსმა.
0
0