სამმა სტუდენტმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ტექსტი გაშიფრა 2000 წლის წინანდელ გრაგნილზე, რომელიც 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაიწვა. სტუდენტებმა $700,000 ოდენობის ფულადი ჯილდო მიიღეს.
უძველესი ტექსტი ამ დრომდე არავის წაუკითხავს მას შემდეგ, რაც გრაგნილი რომაულ ქალაქ ჰერკულანეუმში იმავე ამოფრქვევის დროს დაიწვა, რომელმაც გაანადგურა პომპეი. ექსპერტები თვლიან, რომ გრაგნილი იულიუს კეისრის სიმამრს ეკუთვნოდა, რომელიც ხელნაწერში ცხოვრებისეული სიამოვნების წყაროებზე, მუსიკასა და საკვებზე საუბრობს. ექსპერტებმა ამ აღმოჩენას ბერძნულ ფილოსოფიაში „რევოლუცია“ უწოდეს.
მეცნიერები თვლიან, რომ აღნიშნული წერის სტილი დამახასიათებელია ბერძენი ფილოსოფოსის ფილოდემოსისთვის, რომელიც ეპიკურუსის მოძღვრების მიმდევარი იყო და შესაძლოა ჰერკულანეუმში მოღვაწეობდა.
მე-18 საუკუნეში, ანტიკური რომაული ქალაქის მდიდრული ვილის ბიბლიოთეკაში ასობით პაპირუსის გრაგნილი აღმოაჩინეს. ეს ერთადერთი ბიბლიოთეკაა, სადაც ანტიკური ხანის ტექსტებია ნაპოვნი. თუმცა, მათი შინაარსი მეცნიერებისთვის საიდუმლოდ დარჩა - ვულკანის ამოფრქვევის დროს ისინი იმდენად დაიწვა, რომ, როდესაც გრაგნილების გახსნას ცდილობდნენ, ისინი ხელში დაიშალა. ნეაპოლის უნივერსიტეტის პაპიროლოგიის მკვლევარმა ფედერიკამ, თქვა, რომ ვულკანის ამოფრქვევის დროს მაღალმა ტემპერატურამ გრაგნილები დაანახშირა და ხელნაწერი შენარჩუნდა, რომლებიც, როგორც წესი, დაიშლებოდა.
სამი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა რომელიც ტექნიკურ სფეროში მუშაობს, ხელოვნური ინტელექტით გამოსავლის პოვნა შეძლო. ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორანტმა იუსეფ ნადერმა, SpaceX-ის სტაჟიორმა ლუკ ფარიტორმა და შვეიცარიელმა რობოტიკის სტუდენტმა ჯულიან შილინგერმა ხელოვნური ინტელექტით მოდელი შექმნეს, რომელმაც, შაბლონის ამომცნობი ტექნიკით, ასოების გაშიფვრა შეძლო.
”ეს რევოლუციის დასაწყისია, ზოგადად, ბერძნულ ფილოსოფიაში”, - აღნიშნა ფედერიკამ.
უძველეს არტეფაქტთა გამშიფრავი ბრენტ სილსის გუნდის მიერ სკანირებული ოთხი გრაგნილიდან ერთ-ერთში ამ დრომდე, მოდელის დახმარებით, 2000 ბერძნული სიმბოლო გაიშიფრა, რაც ტექსტის მხოლოდ 5%-ია. Vesuvius Challenge-ის მხარდამჭერი გუნდი იმედოვნებს, რომ მათ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი 2024 წელს სკანირებული ოთხივე გრაგნილის 90%-ის, საბოლოოდ კი, 800-ვე პაპირუსის წასაკითხად გამოიყენონ.
0
0