10/01/2024
11:49
სხვადასხვა
Microsoft-მა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ეროვნულმა ლაბორატორიამ (PNNL) ხელოვნური ინტელექტით (AI) და სუპერკომპიუტერით სრულიად ახალი ნივთიერება აღმოაჩინა, რომელსაც ბატარეების დასამზადებლად ლითიუმის გამოყენების შემცირება შეუძლია. მეცნიერების თქმით, აღნიშნულ მასალას შეუძლია ლითიუმის გამოყენება პოტენციურად 70%-მდე შეამციროს. ახალი მასალა უკვე ნათურის ელექტროდატენვისთვის გამოიყენება.
Microsoft-ის მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტი და სუპერკომპიუტერები, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 32 მილიონი პოტენციური არაორგანული მასალის შესამცირებლად გამოიყენეს. სკრინინგის პროცესის განხორციელებას ტრადიციული ლაბორატორიული კვლევის მეთოდებით შეიძლება 20 წელი დასჭირდეს. მუშა ბატარეის პროტოტიპის შემუშავებას 9 თვეზე ნაკლები დასჭირდა.
როგორც Microsoft-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეისონ ზანდერმა BBC-ს განუცხადა, ტექნოლოგიური გიგანტის ერთ-ერთი მისიაა, რომ "სამეცნიერო აღმოჩენები, რომლებსაც 250 წელი დასჭირდება, მომდევნო 25 წელში მოასწროს".
ლითიუმს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "თეთრ ოქროს" მისი საბაზრო ღირებულებისა და ვერცხლის ფერის გამო. ის ბატარეის (ლითიუმ-იონური ბატარეების) მრავალჯერადი დამტენი მოწყობილობების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ელექტრომობილებზე მოთხოვნასთან ერთად, ლითონის საჭიროებაც იზრდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, 2025 წელს მსოფლიო შეიძლება ამ მასალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ლითიუმ-იონურ ბატარეებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის ათჯერ გაიზარდოს, ამიტომ მწარმოებლები მუდმივად აშენებენ ბატარეის ქარხნებს. ლითიუმის მოპოვება შეიძლება საკამათო საკითხი გახდეს, რადგან მის გამომუშავება-განვითარებას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გარემოზე. ლითონის მოპოვება დიდი რაოდენობით წყალს და ენერგიას მოითხოვს და ეს პროცესი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ლანდშაფტს, ასევე გარემოში დარჩება ტოქსიკური ნარჩენები.
,,ნებისმიერი მასალა, რომელიც ლითიუმის შემცირებულ რაოდენობას მოიცავს და ელექტროენერგიის აკუმულირების კარგი შესაძლებლობები აქვს, ლითიუმ-იონური ბატარეების ინდუსტრიაში „წმინდა გრაალად“ ითვლება. ხელოვნური ინტელექტი და სუპერკომპიუტერი ბატარეის მკვლევარებისთვის უახლოეს წლებში გადამწყვეტი ინსტრუმენტები გახდება, რათა დაეხმარონ მათ ახალი მაღალი ხარისხის მასალების მოპოვებაში. თუმცა ტექნოლოგიას ცოტა სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. მან შეიძლება გამოიწვიოს ყალბი ან ისეთი შედეგები, რომლებიც თავიდან ხელსაყრელად გამოიყურება, შემდეგ კი აღმოჩნდეს, რომ ეს უკვე ცნობილი მასალაა ან ისეთი, რომლის სინთეზირებაც ლაბორატორიაში შეუძლებელია,“ - თქვა მკვლევარმა ნურია ტაპია-რუიზმა.
ხელოვნური ინტელექტით მიღებული მასალა, რომელიც ამჟამად უბრალოდ N2116-ად მოიხსენიება, მყარი ელექტროლიტია, რომელიც მეცნიერებმა ნედლეულიდან მუშა ბატარეის პროტოტიპად გარდაქმნის პროცესში გამოსცადეს. მას ელექტროენერგიის მდგრადად აკუმულირების პოტენციალი აქვს, რადგან მყარი ბატარეები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული თხევადი ან გელის მსგავსი ლითიუმი.
”[ჩვენ შეგვიძლია] შევცვალოთ, შევამოწმოთ და დავაკონფიგურიროთ ამ ახალი მასალის ქიმიური შემადგენლობა და სწრაფად შევაფასოთ მუშა ბატარეისთვის საჭირო ტექნიკური პერსპექტიულობა. ეს კი წარმოაჩენს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის უნარს, დააჩქაროს ინოვაციების ციკლი”, - თქვა წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ეროვნულმა ლაბორატორიის მკვლევარმა კარლ მიულერმა.
0
0