
“ხელოვნური ინტელექტის (AI) ამჟამინდელი ენობრივი მოდელები, ბევრი თვალსაზრისით, ძალიან სულელურია“, - თქვა Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა მას შემდეგ, რაც Meta-მ განაცხადა, რომ მისი დიდი ენობრივი მოდელი - Llama 2 - როგორც ღია კოდი, ყველასთვის უფასო იქნებოდა გამოსაყენებლად.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ "ატეხილი აჟიოტაჟი გარკვეულწილად წინ უსწრებს ტექნოლოგიას".
„ენობრივი მოდელები - პლატფორმები, რომლებიც აძლიერებს ჩატბოტებს, როგორიცაა ChatGPT-ი [ენის მოდელი, რომელიც მომზადებულია სხვადასხვა ტექსტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საშუალებას აძლევს მოდელს მოიძიოს ინფორმაცია და გამოიმუშაოს ადამიანის მსგავსი პასუხები] - ძირითადად, ტექსტის უზარმაზარ მონაცემთა ნაკრებში წერტილებს აერთებს და მომდევნო სიტყვას თანმიმდევრობით გამოიცნობს. ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის მიერ ეგზისტენციალურ საფრთხესთან დაკავშირებით გაცემული გაფრთხილებები ეხება სისტემებს, რომლებიც ჯერ არ არსებობს,“ - დასძინა ნიკ კლეგმა.
როგორც BBC-ი წერს, Meta-ს გადაწყვეტილებამ, გახადოს Llama 2 ფართოდ ხელმისაწვდომი კომერციული ბიზნესებისთვის და მკვლევარებისთვის, ტექნიკური საზოგადოება დაანაწილა - პირველი თაობა, Llama, ინტერნეტში მისი გაშვებიდან ერთი კვირის განმავლობაში იჟონებოდა.
„ჩეთბოტების წინა გამეორებები გამოყენებული იყო სიძულვილის ენის გასავრცელებლად, ცრუ ინფორმაციის გენერირებისთვის და მავნე ინსტრუქციების გასაცემად. არსებობს საკმარისად ძლიერი „დამცავი მოაჯირები“ იმისთვის, რომ Llama 2-ი არ იყოს ბოროტად გამოყენებული „ველურ სამყაროში“? და თუ ასე მოხდება, რას გააკეთებს Meta?
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი Meta-ს გადაწყვეტილებაა - პარტნიორობა გაუწიოს Microsoft-ს ამ საკითხში - Llama 2 ხელმისაწვდომი იქნება Microsoft-ის პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა Azure - რადგან Microsoft-მა ასევე მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ში. რისკი მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტის „აუზი“ მალე რამდენიმე ძალიან დიდი თევზით გაივსება; არის ეს კონკურენციისთვის ჯანსაღი მიდგომა ამ ჯერ კიდევ ახლადშექმნილ ინდუსტრიაში?“ - წერს BBC-ი.
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორმა, დეიმ ვენდი ჰოლმა BBC-ს განუცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ღია წყაროს გამოყენების დაშვება კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
„მე ვნერვიულობ იმაზე, თუ როგორ მოხდება ღია კოდის რეგულირება. ამ საკითხში ითანამშრომლებენ თუ არა მთავრობებთან დარგის სპეციალისტები? ეს ადამიანებისთვის ბირთვული ბომბის შესაქმნელად შაბლონის მიცემას ჰგავს“, - თქვა ჰოლმა.
ნიკ კლეგმა დეიმ ვენდი ჰოლის კომენტარებს „ჰიპერბოლა“ უწოდა და განმარტა, რომ Meta-ს ღია კოდის სისტემა სურათებსაც კი ვერ ქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ „ბიოიარაღის დამზადებაზე“. თუმცა ის "მტკიცედ ეთანხმება" იდეას, რომ ხელოვნურ ინტელექტს დარეგულირება სჭირდება.
”ენობრივი მოდელები უკვე მუდმივად ღია წყაროა. ასე, რომ ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, იქნება თუ არა ეს დიდი ენობრივი მოდელები ფართოდ ხელმისაწვდომი. საკითხავია, როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება მაქსიმალური პასუხისმგებლობით და უსაფრთხოდ. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენგან ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ღია კოდის მქონე ნებისმიერი სხვა ენობრივი მოდელი,“ - თქვა ნიკ კლეგმა.
0
0