
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი ანალიზის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილების თითქმის 40%-ზე გავლენას მოახდენს.
,,უმეტეს სცენარში ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, საერთო უთანასწორობის პრობლემას გაამწვავებს. პოლიტიკოსებმა უნდა აკონტროლონ ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ტექნოლოგიით გამოწვეული შემდგომი სოციალური დაძაბულობა,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ მისი სარგებელი და რისკები ყურადღების ცენტრში მოაქცია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი, განვითარებულ ეკონომიკაში, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილების დიდ ნაწილზე - დაახლოებით 60%. მათგან 30%-ის შემთხვევაში, მუშებმა შესაძლოა ისარგებლონ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას. სხვა შემთხვევებში, ხელოვნურ ინტელექტს ექნება შესაძლებლობა, რომ ადამიანების ნაცვლად შეასრულოს ძირითადი ამოცანები. შედეგად, შეიძლება შემცირდეს მუშახელის მოთხოვნა, შესაბამისად, ხელფასებიც, და სამუშაო ადგილებიც კი გაქრეს.
იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგია გავლენას მოახდენს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში არსებულ სამუშაო ადგილების მხოლოდ 26%-ზე.
„ბევრ ქვეყანაში არ არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა ან გამოცდილი მუშახელი იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები გამოიყენებოდეს; ეს კი ზრდის რისკს, რომ დროთა განმავლობაში ტექნოლოგია ქვეყნებს შორის უთანასწორობას გაამწვავებს. უფრო ზოგადად, მაღალშემოსავლიანი და ახალგაზრდა მუშაკებისთვის შეიძლება ხელფასები არაპროპორციულად გაიზარდოს. დაბალი შემოსავლის მქონე და ხანდაზმული მუშაკები კი ტექნოლოგიურ განვითარებას შეიძლება ჩამორჩნენ. ქვეყნებისთვის გადამწყვეტია სოციალური უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ქსელების შექმნა და მოწყვლადი მუშაკებისთვის გადამზადების პროგრამების შეთავაზება. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაცია უფრო ინკლუზიური გახდება, შენარჩუნდება საარსებო წყაროები და შემცირდება უთანასწორობა,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.
როგორც ცნობილია, გლობალური ბიზნესისა და პოლიტიკური ლიდერები მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, შვეიცარიაში, იკრიბებიან. აპლიკაციების პოპულარობის ზრდის ფონზე (როგორიცაა ChatGPT), ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტი იქნება.
დეკემბერში, ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიაღწიეს დროებით შეთანხმებას მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი რეგულაციების შესახებ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გააკონტროლებს.
2024 წლის დასაწყისში, ევროპარლამენტი კენჭს უყრის ხელოვნური ინტელექტის აქტის შესახებ კანონპროექტებს, თუმცა ნებისმიერი კანონი ძალაში არ შევა, მინიმუმ, 2025 წლამდე.
შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკუთარი ინსტრუქციები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.
0
0