10/06/2023
15:23
პოლიტიკა
სამწუხაროდ, დღეს ხელოვნურად არის პრეზიდენტის მიერ შექმნილი კრიზისი ეროვნულ ბანკში, პრეზიდენტი შეგნებულად არ წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონსულტაციები, მან ამ კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე არ აპირებს არცერთი კანდიდატურის წარდგენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი აპირებს კრიზისული ვითარების შენარჩუნებას ეროვნულ ბანკში, რაც მმართველი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ კრიზისული ვითარების შენარჩუნებას ეროვნულ ბანკში. მინდა, შეგახსენოთ, როცა იყო სავალუტო კრიზისი, დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ. ყველა ხელს იშვერდა მმართველი პარტიისკენ და ახლაც, როდესაც საუბარია ეროვნულ ბანკზე და იქ შესაძლო კრიზისზე, რაც მარტივად შეიძლება, განვითარდეს, თუ პრეზიდენტმა შეინარჩუნა იგივე ვითარება, ამაზე ჩვენ ვიქნებით, ბუნებრივია, პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში არ დავუშვათ. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც არის მიღებული და რომელზეც დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0