17/10/2021
22:38
პოლიტიკა
„ხელისუფლება ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას. მათი პასუხისმგებლობა ნამდვილად იქნება თუ უფრო გაუარესდება მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებიც გააკეთეს.
იმდაგვარი ფორმით გაასაჯაროვეს გარკვეული დეტალები, რომელიც არც ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ნიშნისმოგებით, ცინიკური თუ დამცინავი ფორმით, რომ პრაქტიკულად აიძულეს პატიმარი რომ შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე გადასულიყო. ამიტომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ხელისუფლებასაც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც მან აღნიშნა, ამგვარმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია იმ პატიმრების ქმედებებზეც, რომლებმაც N12 ციხეში სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს შიმშილობა.
„მე-12 დაწესებულებაში სხვა პატიმრები ფირცხალავა, ცაავა, სააკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობენ ძალიან მკაცრი ფორმით. იმის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ გაჟღერდა, რომ ის იღებს თაფლს და წვენებს, ისინი უარს ამბობენ წყლის/სითხის გარდა რაიმეს მიღებაზე და მათი მდგომარეობა არის ნამდვილად ძალიან მძიმე.
ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ სულ მცირე ტკბილიც რომ მიიღონ, რასაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არ უნდათ ეს იყოს გამჟღავნებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
0
0