
ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და მან ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საბოლოო ჯამში საკუთარი ბრალის აღიარება, ეს კარგი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და ასეთი ნაბიჯი თუ გადაიდგმება, იქნება შესაბამისი რეაგირება.
„მე მასაც მოვუწოდებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, ის დატოვებს საპატიმროს. ამ ადამიანებმა, მათ შორის ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, ასეთ პირობებშიც ჩვენ მზად ვართ, გადავგდათ შესაბამისი ნაბიჯი. მიხარია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მამამისის ციხეში ყოფნა ახლა უფრო ფასეულია და აღნიშნა, რომ ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ.
„არ ვიცი, ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა. სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.
0
0