26/11/2024
16:33
პოლიტიკა
მომდევნო წლების განმავლობაში კვლავაც გარანტირებული იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ურყეობა - საქართველო მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში, ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ.
სამთავრობო პროგრამაში “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - 2025-2028“ ნათქვამია, რომ 2020 − 2024 წლები უპრეცედენტო საერთაშორისო ტურბულენტობით აღინიშნა. რუსეთ-უკრაინის ომმა საფუძვლიანად შეარყია საერთაშორისო წესრიგი და როგორც ევროპულ, ისე გლობალურ უსაფრთხოებას ეგზისტენციური საფრთხე შეუქმნა.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, ამგვარ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა გამორჩეული იყო სიმტკიცითა და თანმიმდევრულობით, ვინაიდან იგი ემყარებოდა როგორც ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, ისე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების მიმართ საქართველოს ერთგულებას.
“საქართველოს მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას.
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების აღკვეთის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით, საერთაშორისო მხარდაჭერისა და ძალისხმევის უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე.
გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ისე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგსა და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ზემოხსენებული ამოცანების შესრულების მიზნით.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება ე.წ. “განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ აქტიურად იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატში სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება სახელმწიფო ინტერესების დაცვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების ღონისძიებები.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაგრძელებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ. იმავდროულად, უფრო აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პროცესის გასაძლიერებლად და ხელშესახები შედეგის მისაღწევად. გაგრძელდება თანათავმჯდომარე ორგანიზაციებსა და აშშ-სთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, დეოკუპაციის პროცესის უფრო ქმედითი მხარდაჭერის მიზნით“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პროგრამაში “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.
0
0