ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.
"წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? - საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა (ხაზარაძე) შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს "ქართულ-ჯიგრულ პონტში" გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ ციხეში?“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებულია ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ის შეიძლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, ვინაიდან ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეა აღძრული, რთულია პროგნოზირება, ამ კანონპროექტით დატოვებს, თუ არა ის ციხეს.
აღნიშნულ აქტს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა.
აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს. ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ. ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებსა და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. კანონპროექტის თანაავტორები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება „ოცნების“ გარეშე ვერ მოხდება.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, "ევროოპტიმისტები" . პროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც.
0
0